“ვიყავი ხელისუფლებაში და ახლა მოვდივარ თქვენთან,” _ ასე მიმართა ივანიშვილმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს. მისი თქმით, ის მინიმუმ 20 წლის განმავლობაში საზოგადოების გვერდით იქნება.
“მინდა შეგახსენოთ, რომ მე არსად არ მივდივარ, პირიქით მოვდივარ. მე ვიყავი ხელისუფლებაში და ახლა მოვდივარ თქვენთან. გარწმუნებთ, რომ როგორც ორი წლის განმავლობაში რასაც გპირდებოდით, როგორი პროგნოზები გვქონდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ერთად მოვახერხეთ ყველაფერი. მე არსად არ მივდივარ, ზუსტადაც რომ მოვდივარ და მინიმუმ 20 წელი ვიქნები აქტიურად თქვენს გვერდით,” _ აღნიშნა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და საქართველოს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
“ყალბი დაპირება არ ყოფილა. არავის უთქვამს, 27-ში ჩვენ რომ მოგვაგებინებთ და 28-ოქტომბერს უკვე იქნება შვეიცარია საქართველოში. არავინ ამას არ ამბობს, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ 27-ში დაიწყება ახალი ქვეყნის მშენებლობა და 2014 წელი იქნება ბევრად უკეთესი. დაიწყება ინვესტიციების ჩადება,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.