სსფ-ის რეგიონალური კურსი, რომელშიც მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ, საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.
IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას, ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაზიარება.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ახალი ტრენინგ-კურსის დაწყება, მონეტარული პოლიტიკისა და გაცვლითი კურსის შესახებ. აღნიშნული კურსის უკვე მესად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან რეგიონში წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივად აღიარებაა”, _ ასე შეაფასა ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა.
სემინარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტები უძღვებიან და მასში მონაწილეობენ: აზერბაიჯანის, თურქეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, პარლამენტისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები.
“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ტარდება ეს კურსი. კურსი ძირითადად მოიცავს მონეტარული პოლიტიკის განვითარების საკითხებს. აგრეთვე ტარდება ძალიან საინტერესო ტრეინინგი საბანკო სექტორის ფულად ტრანზაქციებთან დაკვშირებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის რათა საქართველოს ხელი შევუწყოთ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის კუთხით”, _ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ექსპერტმა, ალის ბულირმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის, სერგო ნოზაძის განცხადებით კი, მათთვის განსაკუთრებული პატივია და თითქოს ტრადიციად დამკვიდრდა აღნიშნული კურსის სწორედ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარება.
აკადემიაში სწავლება 7 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.