საქმე საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე დასწრებას ეხება.
“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც ეს წუთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაავრცელა.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ თანამდებობის პირებად მოიაზრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას, მაგრამ ეს შეზღუდვა ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ ვრცელდება ამ კოდექსით განსაზღვრულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე.
უფრო მეტი სიცხადისთვის უცვლელად გთავაზობთ, უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის რეკომენდაციას:
„ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად. ესენი არიან: წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს, წევრები; საკრებულოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი (მერი/გამგებელი)” .
აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საკრებულოს წევრებს და თავმჯდომარეს, სრული უფლება აქვთ, სამუშაო საათებში, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი ეს ქმედება არ ცდება კანონის ფარგლებს.
რაც შეეხება რიგითი პოლიტიკური პირების აბსურდულ მოსაზრებებს, საკრებულოს თავმჯდომარე არ მიიჩნევს საჭიროდ, კომენტარი გააკეტოს პროვოკაციულ განცხადებებზე, რომელიც საზოგადოებაში არაჯანსაღი აზრის დაფუძნებისკენ არის მიმართული,” _ ნათქვამია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.