მომავალი წლის საგანმანათლებლო პრიორიტეტები სპეციალურ დოკუმენტში “სახემწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამებშია” გაწერილი. პროგრამა, რომელიც ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას უკავშირდებოდა, კვლავაც გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მისი მაშტაბები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოხალისე პედაგოგები გაკვეთილებს ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის 3 კვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების მოწყობა არა მარტო საქართველოში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც. წარმატებული სტუდენტები კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას მიიღებენ.
ზემოხსენებული დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 2014 წელს პირველკლასელებს კვლავ დაასაჩუქრებენ საბავშვო კომპიუტერიებით ე.წ. “ბუკებით“. პერსონალურ კომპიუტერებს მიიღებენ ფრიადოსნებიც (საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები).
ირკვევა, რომ უფასო სახელმძღვანელოების დარიგება, რაც წელს მარგველაშვილის საპრეზიდენტო პიარ-კამპანიის ნაწილად შეფასდა, მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ქართულენოვანი საჯარო სკოლების ყველა კლასის და არაქართულენოვანი საჯარო სკოლების I-VI კლასის მოსწავლისათვის, ასევე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაიცემა.
ძველი ტემპებით გაგრძელდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტებშია გაწერილი, ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 150 ახალი საჯარო სკოლის აშენება და 300 მომავლის კლასის გახსნა. ბიუჯეტიდან დაფინანსდება მოსწავლეების ტრანსპორტირება (ავტობუსით, მიკროავტობუსით) სკოლაში, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტში, (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია.
პრიორიტეტად რჩება ქართული ენის გაძლიერებული სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქართულ საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრირების მიზნით. იგეგმება საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების ხელშეწყობა-დაფინანსება.