საქართველოდან მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობისა და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა დავით გიგინეიშვილმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე კერესელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ეკატერინე მესხიძემ.
მინისტერიალზე დელეგატებმა იმსჯელეს ბინათმშენებლობისა და ურბანული განვითარების, მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, სივრცობრივი დაგეგმარებისა და რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის საკითხებზე.
ევროპის ეკონომიკური კომისიის ბინათმშენებლობის და მიწის მართვის კომიტეტმა მინისტერიალს დასამტკიცებლად წარუდგინა 2014 – 2020 წლების სტრატეგიისა და მიზნების პროექტი. აგრეთვე, წევრი ქვეყნების და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა დეტალური სამოქმედო გეგმა სტრატეგიული დოკუმენტის შემდგომი დახვეწისათვის. მინისტერიალზე წევრი ქვეყნების მინისტრებმა შეაფასეს რეგიონში ბინათმშენებლობისა და მიწის მართვის მდგომარეობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა მოხსენებაში საქართველოში მიწის ადმინისტრირების მიღწევები და სამომავლო გამოწვევები მიმოიხილა.
მინისტერიალის ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბინათმშენებლობის და მიწის მართვის კომიტეტი (Housing and Land Management Committee), რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 56 წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომიტეტის ძირითადი მისიაა რეგიონში ბინათმშენებლობისა და მიწის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ქვეყნების ბინათმშენებლობის სისტემათა შეფასება, პოლიტიკის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.