“თურმე ავთანდილ სურგულაძე არ მიიჩნევს საჭიროდ კომენტარი გააკეთოს “პროვოკაციულ განცხადებებზე, რომელიც საზოგადოებაში არაჯანსაღი აზრის დაფუძნებისკენ არის მიმართული”.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საზოგადოებაში არაჯანსაღი აზრის ზნეობრიობად წარმოჩენა და უფრო მეტიც, მისი ბუნებრივ მოთხოვნილებად დამკვიდრების მცდელობას ღიად და აშკარად ახორციელებენ, ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესს ამოფარებული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები”, _ მიიჩნევენ ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბში.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბი თვლის, რომ ოზურგეთის საზოგადოება, როგორც ამომრჩეველი, ერთ-ერთი ღირსეული და მაღალინტელექტუალური საზოგადოებაა და ძალიან კარგად ახსოვს, 5 ნომრიან წითელმაისურში გამოწყობილი, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ავთანდილ სურგულაძე, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ, ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი და შემსრულებელი, დღეს “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრისთვის რაზმავს ასევე მასავით ჩაკოჰაბიტირებულ საკრებულოს სხვა წევრებს.
“საკრებულოს თავმჯდომარე პრესაში ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ სხვა, რეალობა დაუდგა და ამ რეალობიდან გამომდინარე აღიარებს: “ჩვენ თვითონ დავშალეთ საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძარობის ფრაქცია და შევქმენით ახალი ფრაქცია “ერთობა”. შემდეგ მოვიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ თქვენნაირი ადამიანები გვჭირდებაო და ძალიან გთხოვთ, დაგვიდექით გვერდითო.“(გურია ნიუსი, 08.10.2013). როგორც ჩანს, ფრაქცია “ერთობა” ე.წ. გადამყვანი პუნქტი აღმოჩნდა ყოფილი ნაც-აქტივისტებისთვის, რომლებმაც ჩათვალეს, ამ ეტაპზე ოცნება სჯობს, “საქმეს ლაპარაკის ნაცვლად”-ო, საღებავიც იშოვეს და “ლურჯ მელიებად” მოგვევლინნენ.”
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსი საზოგადოებაზე მანიპულირების და ზემოქმედების სრულ თავისუფლებას იძლევა, რომლის თანახმადაც ხან წითელ და ხან ლურჯ მაისურებში გამოწყობილ თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, რომლის მაგალითიც დღეს ბევრი გვყავს ადგილობრივ ხელისუფლებაში, უზნეობის “გაპრავების” საშუალება ეძლევათ.