ჩვენი რესპონდენტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის მცხოვრები ნანული ანთაძეა _ მან დახმარებისთვის მოგვმართა. მესამე წელია, მისი შვილი ნატო ანთაძე ავადმყოფობით იტანჯება, სკოლაში სიარული უჭირს, უმეტესად კი საწოლში წევს.
გოგონას დაბადებიდან თანდაყოლილი მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა აწუხებს. მას გვიან გაუკეთდა ოპერაცია. შემდეგ აუცილებელი გახდა ფიქსატორის ჩადგმა, რაშიც სოფელი დაეხმარა _ ფული შეუგროვეს და მეორე ოპერაციის გაკეთებაც მოხერხდა. დრო გავიდა, საჭირო გახდა ფიქსატორის ამოღება და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ექიმი ურჩევს, რომ ბავშვს დროულად, ხელახალი ოპერაცია გაუკეთონ, ანთაძეების ოჯახს კი არანაირი ფინანსური საშუალება არ აქვს:
_ რაც გამაჩნდა, გავყიდე. სოფელსაც ვეღარ ვთხოვ დახმარებას _ აქაც უჭირს ხალხს. სამედიცინო პოლისი არ მაქვს, რომ რაიმე შეღავათი მქონდეს. ვერ ვიპოვე გამოსავალი, რომ შვილის ტანჯვას არ ვუყურო. უსახსრობის გამო შვილი მეჩაგრება. კარგად სწავლობს _ სანამ ფიზიკურად შეეძლო, დადიოდა სკოლაში, მაგრამ ახლა უფრო გაურთულდა მდგომარეობა. ექიმმა გვითხრა, რომ ფიქსატორი ისეთი მასალისგან არის დამზადებული, აუცილებელია მისი გამოცვლა. ვის მივმართო, ვინ დამეხმარება, რომ შვილი გადავარჩინო? ადგილობრივი ხელისუფლება ვერ მეხმარება, სხვა მხრიდან კი დახმარება არ ჩანს. ვიცი, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიგებს ჩემი გასაჭირის შესახებ _ იქნებ, გამოჩნდეს ღვთისნიერი ადამიანი და დამეხმაროს, ან გზა მაჩვენოს, როგორ მოვიქცე.
ქალბატონ ნანულის ორი შვილი ჰყავს. როგორც მან გვითხრა, ხელმოკლედ ცხოვრობს და მეორე შვილიც ავად არის. არ აქვს ფული, რომ მედიკამენტები სრულად შეუძინოს.
ანთაძეების ოჯახში მისულებს ნატო საწოლში დაგვხვდა. მას, ფეხის ძლიერი ტკივილის გამო, სიარული არ შეუძლია, კიდურში ჩამონტაჟებული ფიქსატორი უკვე გარედანაც ჩანს _ ფეხის ეს ნაწილი ლურჯად აქვს შეფერილი.
_ სიარული ძალიან მიჭირს. მინდა სკოლაში ვიარო, ვისწავლო და არ ჩამოვრჩე თანატოლებს. ამისთვის კი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ოჯახს ამის ფული არ აქვს… _ მოზარდს ცრემლები მოერია, მაგრამ მაინც იმედიანი თვალებით შემოგვხედა: _ თქვენ მაინც შეგიძლიათ, ხმა მიაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი დახმარება შეუძლიათ, _ ცრემლნარევი ხმით გვითხრა ნატომ.