(გურია ნიუსი, თბილისი) _ 18 ივნისს, რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა, ოფიციალური ინფორმაციით, 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ რამდენიმე ადგილზე, გზა სრულიად ჩამორეცხა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება:
_ მთიდან ნიაღვარი მოდის. ასეთი სტიქია ჯერ არ მინახავს. 18 ივნისს, მთელი ღამე აქ ვიყავი და ახლაც აქ ვარ. ადიდებული მდინარის დონე არ იკლებს, თან ცაზე ღრუბელია და ვშიშობ, სტიქია ისევ არ განმეორდეს, _ აღნიშნა 19 ივნისს, ჩვენთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.
_ სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საჩხერის გავლით ხდება სატრანსპორტო მოძრაობა, _ გვითხრა მინისტრმა.
ნიკოლაიშვილის თქმით, გამოდარებისთანავე გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება:
_ საქართველოში მოქმედ საგზაო სამსახურის ყველა წარმომადგენელს მიეცა დავალება, რომ გზა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.