ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართული ოცნება" საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყო. "არა დიდ ჰესებს!" _ ამ ლოზუნგითა და მოწოდებით დღევანდელი მთავრობა ერთი წლის წინ საზოგადოებას გვერდში დგომას პირდებოდა. თუმცა, დღეს სიტუაცია შეცვლილია. პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობენ, რომ უნდა აშენდეს, თუმცა არავინ აკეთებს განმარტებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელიც დიდი ჰესების აშენებას თან ახლავს და რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია მწვავე განცხადებებს აკეთებენ.
სვანების წინააღმდეგობის მიუხედავად ხუდონის ჰიდროელექტროსადგური მაინც აშენდება _ ასეთია მთავრობის პოზიცია. დიდი ჰესი აშენდება მთიან აჭარაშიც, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა.
აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე პირობას დებს, რომ ამ საკითხს მთავრობა შეისწავლის.
აჭარელი მოსახლეობის პროტესტის შესახებ არაფერი იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აქცენტს ჰუდონჰესზე აკეთებს და ამბობს, რომ სვანეთში დაძაბულობის პროვოცირებას რამდენიმე ადამიანი ახდენს.