კულტურის ცენტრის სამუზეუმო განყოფილება რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მხოლოდ ორი ვაკანსია შეიქმნა – გაყნოფილების ხელმძღვანელისა და ფონდის მთავარი მცველის. როგორც მაია ჩხაიძე ამბობს, აუცილებელია ახალი საშტატო ერთეულის დამატება, მუზეუმს აუცილებლად ესაჭიროება დამთვალიერებელზე ორიენტირებული თანამშრომელი – გიდი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ირმა მგელაძე შეგნებულად უშლის ხელს მუზეუმთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
“მგელაძე თურმე, აპროტესტებდა, რატომ აქვს ფონდის მცველს ამხელა ხელფასიო. მაგას, ეტყობა ფონდის მცველი ჩვეულებრივი დარაჯი ჰგონია. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაა მუზეუმში. მთავარი მცველი პასუხისმგებელია ექსპონატების აღრიცხვასა და დაცვის რეჟიმზე. საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოებზე…
მგელაძეს ახლა მოუნდა ეკონომიის გაკეთება მაინცდამაინც მუზეუმის ხარჯზე. ფონდის მცველი ფაქტიურად მთელი მუზეუმია. გარდა ამისა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ირმა მგელაძეს ჩვენთან კონსოლიდირებული თანამშრომლობა ჰქონოდეს, ჩვენი პრობლემებით დაინტერესებულიყოს და ხელი შეეწყოს ამ პრობლემების მოგვარებაში,” _ ამტკიცებს სამუზეუმო განყოფილების გამგე.
ბრალდებებს მგელაძე მშვიდად ხვდება და ოპონირებისგან თავს იკავებს.
“მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მუზეუმს ნამდვილად ესაჭიროება შტატის დამატება და ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. კულტურის ცენტრის ახალმა დირექტორმა წარმოადგინა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ეს ახალი შტატიცაა გათვალისწინებული. ბიუჯეტი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. როცა საკრებულო დაამტკიცებს ბიუჟეტს, თეატრისა და კინოს სამუზეუმო განყოფილებას დაემატება ახალი საშტატო ერთეული. მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩხაიძის აბსურდული ბრალდებების გამო არ ვაპირებ თავის მართლებას,” _ აღნიშნა მგელაძემ.
მაია ჩხაიძეს აქვს კიდევ სხვა, როგორც თავად ამბობს, არგუმენტირებული პრეტენზია კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობისა და ლაჩხუთის საკრებულოს მისამართითაც. მუზეუმში არსებული პირობები, მისი თქმით, ურთულეს მდგომარეობაში აყენებს თანამშრომლებს და ხელს უშლის სამეცნიერო საქმიანობას.
“როცა ეს მუზეუმი გაიხსნა, მე და ჩემმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთი შტატშიც კი არაა აყვანილი, უდიდესი შრომა გავწიეთ სამუზეუმო ექსპონატების მოძიებისა და შეგროვების თვალსაზრისით. ჩემი უშუალო ზემდგომების დახმარების გარეშე, სრულიად მარტომ მოვიძიე სპონსორი, ექსპოზიცია რომ მოგვეწყო. ახლა კი ამ ექსპონატების აღრიცხვა და სისტემატიზაციაა საჭირო. უნდა შეიქმნას ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა მონაცემი იქნება თავმოყრილი და დალაგებული. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს სრულიად ბანალური მიზეზის გამო, მუზეუმს არ გააჩნია საკუთარი კომპიუტერი. სვათაშორის, ჩვენი მუზეუმი ერთადერთია ლანჩხუთში, კომპიუტერი რომ არ აქვს,” _ ამბობს ჩხაიძე.
ამასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის საკრებულოს სოციალურ და კულტურულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე გოჩა ჯანაშია აღნიშნავს, რომ საკრებულო კულტურის ცენტრის ახალი ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს განიხილავს და მისი დამტკიცების შემთხვევაში ცენტრს დაემატება ახალი შტატები, ხოლო მუზეუმს სავარაუდოდ, ახალი ტექნიკა.
“ჩხაიძე ითხოვს კომპიუტერს, ციფრულ ფოტოაპარატს, გათბობის სისტემის მოწესრიგებას. როცა დამტკიცდება კულტურის ცენტრის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ეს მოთხოვნებიცაა გათვალისწინებული, მოგვარდება პრობლემა, რომელზეც ის საუბრობს. ეს კი სავარაუდოდ, 15 დეკემბრამდე მოხდება,” _ აცხადებს ჯანაშია.