(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მორიგმა საგადასახადო ცვლილებებმა, რომლებიც კოდექსში 2011 წლის აპრილში შევიდა, ფიზიკური პირები ახალი პრობლემების წინაშე დააყენა. ამ ცვლილებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილმა თუ იცის. კონკრეტულად საქმე ეხება მოქალაქის (ანუ საგადასახადო კოდექსის ენაზე _ ფიზიკური პირის) მიერ 2004 წლის შემდეგ შეძენილ ქონებას. ეს პირები ვალდებულნი იყვნენ, მოეხდინათ ქონების დეკლარირება და დეკლარაციები წარედგინათ საგადასახადო ორგანოებში 2011 წლის პირველ მაისამდე.
როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ფიზიკურ პირების აბსოლუტურ უმრავლესობას, საქმეში ჩაუხედავობის და არაინფორმირებულობის გამო, დეკლარაციები არ წარუდგენიათ. ასეთ რამეს კი საგადასახადო სამსახური, როგორც წესი, არავის პატიობს და შესაძლოა, სულ მალე ამ პირებს დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ან დაგვიანებით წარდგენისთვის, ჯარიმები და სანქციებიც კი დააკისრონ.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც დაგვიანებით წარადგინა დეკლარაცია, მიღებაზე უარი უთხრეს, იმ მოტივით, რომ დაგვიანებულ დეკლარაციებს არ ვღებულობთო.
საგადასახადო სამსახურში ამბობენ, რომ ჯერ ამ მიზეზით არავინ დაჯარიმებულა.