აღნიშნული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწესებული რეგულაციები მოხსნილიყო, წარმატებით დასრულდა.
დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყარა „არჩევნების თავისუფლებისა“ და კოალიცია „მედია ადვოკატირების“ მიერ შეტანილ პროექტს აღნიშნული ცვლილებების შესახებ.
ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ფოტო და ვიდეო აპარატურით თავისუფლად გადაადგილდნენ და თავფისუფალ რეჟიმში გააშუქონ არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენები.
შეგახსენებთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული დადგენილება-პროექტის იმ კაბალური მუხლებს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ცესკოს ადმინისტრაციამ ერთი კვირით ადრე დააწესა მედიისთვის.
მე-3 მუხლის თანახმად, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში ფოტოვიდეოგადაღება განიხილება საარჩევნო პროცესის ხელისშეშლად გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, (საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა. შ _ წყვეტს კომისიის თავმჯდომარე) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის დღიდან.
2. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არა უმეტეს 5 წუთისა. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, საუბნო კომისიის თავმჯდომარე წინასწარ გააფრთხილებს ამ დროისთვის კენჭისყრის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს ვიდეოგადაღების დაწყების თაობაზე და თუ ყველა ამომრჩეველი განაცხადებს თანხმობას, ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების განხორციელება. აღნიშნულ პერიოდში, საარჩევნო უბანზე, ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს 2 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ფოტოვიდეოგადამღები აპარატურა.
ეს შეზღუდვები მედიაზე აღარ გავრცელდება!