“ჟურნალისტებთან ბოლო პერიოდში მოწყობილ ორივე შეხვედრაზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა, მისი აზრით დაბალი ხარისხის ჟურნალისტური პროდუქტის ავტორები და მათი გაკეთებული პროდუქტები გააკრიტიკა და ანტირეკლამა გაუწია.
მისი ასეთი დამოკიდებულება, თუ ის ასეთ შეხვედრებს გააგრძელებს და ჟურნალისტური პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას ამ გზით შეეცდება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, უფრო გააღრმავებს იმ პრობლემებს, რომლის “მოგვარებასაც” ის ცდილობს.
ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტური პროდუქტის კრიტიკას და ანტირეკლამას, საპირისპირო შედეგი მოაქვს, იწვევს ამ პროდუქტის რეკლამას და პოპულარიზაციას. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტის რეკლამასთან ერთად (რაც დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა), დაბალი ხარისხის ჟურნალისტური პროდუქტის რეკლამასა და პოპულარიზაციასაც, რისი შედეგებიც ბოლო პერიოდში უკვე გვაქვს, განსაკუთრებით ტელემედიაში.
შედეგად, ყველა ერთად, მათ შორის პრემიერი, მივიღებთ კიდევ უფრო მეტ, დაბალი ხარისხის ჟურნალისტურ პროდუქტს ბაზარზე. საზოგადოება დაზარალდება, ხოლო პრემიერს მოუწევს უფრო მეტი ასეთი შეხვედრის მოწყობა და მეტი სიხშირით.
ნებისმიერ პროდუქტს აქვს ბაზარზე არსებობის უფლება, ხარისხიანსაც და უხარისხოსაც, თუ ის კანონით არ იკრძალება.
ჟურნალისტური პროდუქტიც პროდუქტია და მასაც აქვს ბაზარზე არსებობის უფლება, ის უხარისხოა თუ ხარისხიანი, რადგან კანონით არ არის აკრძალული.
ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, უხარისხო ჟურნალისტური პროდუქტის ბაზრიდან “განდევნის”, შემცირების და ხარისხის ამაღლების ყველაზე ეფექტური გზა, თუ ამის სურვილი ნამდვილად არსებობს, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და მედიაბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნაა, რისკენაც ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული ბოლო 10 წლის განმავლობაში,” _ აცხადებს ბექაური.