რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქ. რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წელს, 13 მილიონ 376 ათასი ლარი გამოყო.
“პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის, რუსთავში უკვე მესამედ ჩამოვედი. ყველა სამუშაო საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, ძირითადი ნაწილი სრულდება კიდეც. ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება რუსთავში, როგორც შიდა კვარტალური გზების, ისე მრავალსართულიანი სახლების გადახურვის თვალსაზრისით, კეთდება, ასევე, პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მომდევნო წელს სხვა, შედარებით მეორეხარისხოვანი პრობლემები მოვაგვაროთ,” _ განაცხადა მინისტრმა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, რუსთავში წელს შვიდი პროექტი ხორციელდება. კერძოდ – გზების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება, ლიფტების რეაბილიტაცია, კულტურისა და დასვენების პარკის, ლეონიძის სკვერისა და გარე განათების რეაბილიტაცია.
“იმ 13,5 მილიონი ლარიდან, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ წელს გამოგვიყო, 8 მილიონი ლარით შიდა გზების, ასევე სახურავების რეაბილიტირება ხდება. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია რუსთავისთვის, რადგან აქ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება,” _ განაცხადა ჯიქიამ.
ამ პროექტებს შორისაა: ასლანიკაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცა, მე–17 მიკრორაიონის მე-6 და მე–19 მიკრორაიონის კორპუსების გადახურვა, საერთო ფართობით – 2071 კვ.მ.
რუსთავის მაჟორიტარ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. “ველოდებით რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას, რაც მეტად მნიშვნელოვანი პროექტია, გეგმაშია მარნეული-რუსთავის გზის მშენებლობა, ბევრი სხვა რამ. მოკლედ, დიდი და სერიოზული მიზნები გვაქვს,” _ აღნიშნა ძიძიგურმა.