გორში შემაჯამებელ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში წელს პირველად ჩატარდება ევროპული არჩევნები და ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს მანიაკალური სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, ის მოდის მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ემსახუროს თავის ხალხს და ქვეყანას: “მას აქვს ვალდებულების გრძნობა, რომ შეუძლია თქვენ გემსახუროთ და მოემსახუროს თავის ქვეყანას. გარწმუნებთ, გიორგის აქვს ყველა ის ღირსება და თვისება, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს. მეორე ტური არ იქნება! გიორგი ღირსეულად გაიმარჯვებს პირველ ტურში. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და ყველა მოდით არჩევნებზე. აუცილებელია დიდი მუხტის შექმნა და გიორგის ღირსეული გამარჯვებით უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაერთიანების დიდი ძალა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორედ ვაფასებთ ახალი ხელისუფლების სტრატეგიას,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ათასობით მხარდამჭერს საგანგებო და ემოციური დახვედრისთვის: “მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია ნოქალაქევში გავხსენით, ჩვენი პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან დავიწყეთ გორიდან და აქედან შემოვუარეთ მთელ საქართველოს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ჩვენ მივიღეთ მუხტი მომავალი გამარჯვებისთვის,” _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნის შვილებმა დაიზარონ სამშობლოს სამსახურში ყოფნა: “ქართველი არასდროს გამოკლებია თავისი ქვეყნის თავისუფლების შენებას. ამიტომაც ძალიან მტკიცედ ვაცხადებთ: არ იქნება მეორე ტური, პირველივე ტურში ჩვენ გვექნება გამარჯვება და ვისაც დღეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მეორე ტური არ იქნება, დღესვე გიდასტურებთ – თუ მოხდება საოცრება და იქნება მეორე ტური, მე მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ პირველ ტურში ვიმარჯვებ და ეს უნდა იცოდეს ყველამ!” – განაცხადა კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვალ შეხვედრებს მარნეულსა და რუსთავში გამართავს.
(R)