მემორანდუმი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების სექტორში დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მემორამდუმით გათვალისწინებულია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 30 წარჩინებული ბაკალავრისთვის სტიპენდიის დანიშვნა 300 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, სამინისტრო, “სოკარ” (აზერბაიჯანის) მოთხოვნისამებრ, შეიმუშავებს საჭიროებაზე მორგებულ სპეციფიურ სატრეინინგო პროგრამებს პროფესიული განათლების დარგში, “სოკარ” – აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისთვის გრძელვადიანი პრაქტიკული ტრეინინგების ორგანიზებას.
თამარ სანიკიძის განცხადებით, გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ პროფესიონალები.
“მეტად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ახალგაზრდების განათლების საქმეში კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო. ჩვენს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ პროფესიონალები”, _ განაცხადა მინისტრმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ზოგადი განათლების სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასაც.