_ ეს ორი საკითხი იქნა დეტალურად განხილული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაბაში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ. პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია “Post-ალიონი” სსიპ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, გურიის სამ სოფელში ქალი ამომრჩევლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
პროექტის ავტორებმა ია მამალაძემ, თინათინ დვალიშვილმა და ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო ოლქის წარმომადგენელმა გიორგი ხუროშვილმა ნასაკირალში დარბაზში მყოფთ აუხსნეს თუ რა უფლებამოსილება ექნება ახალარჩეულ პრეზიდენტს და რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრისას ამომრჩევლებმა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყველა ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველმა კენჭისყრის დღეს უნდა გაიაროს სანამ საკუთარ ნებას გამოხატავს. შეხვედრის მონაწილეებმა კენჭისყრის ოთახის და ხმის მიცემის პროცედურის იმიტაცია მოაწყვეს, რაშიც შეხვედრის ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო და დავალებებს კარგადაც გაართვეს თავი.
_ ყოველი არჩევნების დროს, კანონში შედის ცვლილებები და ინფორმაციის მისაღებად, ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და საჭიროა. კენჭისყრის პროცედურა ნაცნობი თემა იყო ჩვენთვის, რადგან არჩევნების დღეს მივდივართ და ხმას ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ კანდიდატს თუ პარტიას. რაც შეეხება პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებას, ნამდვილად არ ვიცოდით, რომ ამდენი ცვლილება თუ გახორციელდა. აუცილებლად გადავცემთ ამ ინფორმაციას მეზობლებს, თან საინფორმაციო პლაკატებიც დაგვირიგდა, _ განაცხადეს ჩვენთან საუბრის დროს შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა.
ტრენინგის მაქსიმალურად კარგად ორგანიზება, დამსწრე საზოგადოებასა და სტუმრებს შორის გულღია და საქმიანი კომუნიკაცია ნასაკირალის სოფლის რწმუნებულის შოთა ართმელაძის დახმარებით გახდა შესაძლებელი.