ეს პროექტი, გურიის სამ სოფელში ქალი ამომრჩევლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
ტრენინგს საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე უძღვებოდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა თუ რა უფლებები ექნება 2013 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტს. მონაწილეებთან ერთად კიდევ ერთხელ იქნა განხილული და იმიტირებული თუ რა პროცედურების გავლაა აუცილებელი ამომრჩევლისთვის, რათა მან კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, რაც ამომრჩევლის უფლებაცაა და მოვალეობაც. საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა და ნდობის ამაღლება ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამიტომ, სასიამოვნოა, რომ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო # 61 ოლქის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ცესკოს ტრენინგცენტრის ტრენერმა ლაშა კილაძემ. მან მონაწილეებს დეტალურად განუმარტა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურები. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ განმარტებები გააკეთა ამომრჩეველთა სიების უზუსტობაზე, მან აღნიშნა რომ ხშირია შემთხვევები, როცა სიებში ფიგურირებს გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები; ამგვარ სიტუაციაში, აუცილებელია გარდაცვლილის ოჯახის წევრმა აიღოს ცნობა გარდაცვალების შესახებ საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სიებიდან ამ მონაცემების ამოღება.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და ცნობარები დაურიგდათ.