“თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი ციხეშია, მეორე ყოფილი მინისტრი კი საფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი დევნაშია, ქალაქის მერის წინააღმდეგ სამი საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, კითხვები პრეზიდენტთანაც არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის დროში” საუბრისას.
მისივე თქმით, არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება:
_ პოლიტიკური დევნა რომ განმეხორციელებინა, სააკაშვილი აქამდე დაჭერილი იქნებოდა, – აღნიშნა პრემიერმა და არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაც დაიწყოს, რისი საფუძველი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გახდეს.
“სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს ამის საფუძველი და არის კიდევ უამრავი საქმე, იგივე 26 მაისს განვითარებული მოვლენები – ხალხია დაკარგული და მკვდარი. თქვენ გგონიათ, ეს პრეზიდენტმა არ იცოდა?! რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, არავითარი სურვილი არ გამაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი დაიკითხოს ან ციხეში მოხვდეს, ეს არაა კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ არსებობს პროკურატურა და სასამართლო და მათ საქმეებში ვერ ჩავერევი”, – განაცხადა ივანიშვილმა.