ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, მომავალი წლიდან ბრალდებულთა პრობაციის სამსახურის შექმნა იგეგმება, რაც სამოხელეო და ეკონომიკურ დანაშაულზე ბრალდებული პირებისთვის ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას გულისხმობს. ამრიგად, სპეციალური ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით (სადაც ჩატვირთული იქნება ინდივიდუალური პროგრამა), ბრალდებულების გადაადგილების კონტროლი გახდება შესაძლებელი. ამავე დროს “თეთრი საყელოს“ კატეგორიის დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც სასამართლოსთვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით, შეისწავლის ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ, ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა საკითხებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთო სასამართლოების, საქართველოს პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის აპარატის, ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და ევროკომისიის კანონის უზენაესობის პროექტის წარმომადგენლები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს წარმომადგენლები – სტივენ ნეფი, ნატალია წნორიაშვილი და ტატიანა პატარაია.