_ “გურია ნიუსმა” გუშინ გამოაქვეყნა სტატია, “როგორ წარმოუდგენიათ გარემოს დაცვაზე ზრუნვა პრეზიდენტობის კანდიატებს”, სადაც თქვენ მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლეთ: “აუცილებელია, სპეციალური ეკოლოგიური სახელმწიფო კონტროლის შექმნა და ეკოლოგიურ დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება”. რატომ ასეც მცირედ, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში არაერთი აქცია გაიმართა გარემოს დასაცავად და მსოფლიოშიც ეკოლოგიური პრობლემები უფრო და უფრო აქტუალური ხდება ? იქნებ აქვე გვიპასუხოთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ჰესებთან დაკავშირებით. უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში დიდი ჰესები?
შალვა ნათელაშვილი:
_ სრულიად საქართველოს გასაგონად მინდა ვთქვა, წინაარმდეგი ვარ ყოველგვარი დიდი ჰესების მშენებლობებისა და გიგანტომანიისა ჩვენი ეკოლოგიის, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი წალკოტის ხარჯზე. უპირველესად, ხუდონჰესის წინააღმდეგი ვარ, რომლის მშენებლობა გამოიწვევს მეწყერებს, ზვავებს, სვანეთის დაცლას და საქართველოს “შაგრენის ტყავივით” დაპატარავებას. შესაბამისად, ყოველთვის ვიბრძოლებ მისი, ისევე როგორც ჭოროხის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო სააკაშვილის და გააგრძელა კალაძე-ივანიშვილის რეჟიმმა.
იმავდროულად, ჩემი პრეზიდენტობის პირობებში ყველა სოფელში დაინიშნება ხელფასიანი შტატი, რათა სისტემატიურად მოხდეს პლასტმასის ნაკეთობებისგან გარემოს გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მალე პლასტმასის ნაგავსაყრელს დავემსგავსებით. ეს არის საშინელება. 400 წელი სჭირდება პლასტმასის გახრწნას და არამარტო გარემოს ადგება ზიანი, არამედ კონკრეტულ ადამიანებს. მაგალითად, ძროხა როცა ღეჭავს პარკს, კვდება. უზარმაზარი ზარალია და ეს პარკები ყრია თავისუფლად. ნაგვის ბუნკერები დადგეს მარტო ცენტრალურ ადგილებზე, უცხო თვალის დასანახად და სოფლებში იხრჩობიან ნაგავში. შესაბამისად, მივიღებთ ზომებს, რომ მაღაზიებში მასობრივად აღარ გამოიყენონ პლასტმასის ნაწარმი და ის შეიცვალოს ქაღალდით. ამდენად, ძალიან სერიოზული გარემოსდაცვითი პროგრამაა შესამუშავებელი და მარტო ერთი, ან ორი აქცია ამას ვერ უშველის.