ამ ოცი წლის განმავლობაში პირველად გვეძლევა საშუალება არჩევნების გზით შევცვალოთ პრეზიდენტი.
ჩვენმა ხელისუფლებამ იკისრა ვალდებულება ჩაატაროს თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ევროპული სტანდარტების არჩევნები. არჩევნების პროცესს აქტიურად ადევნებენ თვალს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა აქვს.
მედიას მიეცა საშუალება თავისუფლად გადაადგილდეს საარჩევნო უბნებზე. ჩვენ მივაღწიეთ და გავაუქმეთ საზოგადოებრივი კონტროლისგან დამალული, ეგრეთ წოდებული უკონტოროლო დახურული უბნები.
დღეს ყველა ამომრჩეველს შეუძლია იძულებისა და ძალდატანების გარეშე, საკუთარი მოსაზრებითა და სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
ჩვენ მოვახერხეთ არჩევნების ასეთი მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, და ეს არის ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება, ეს ქართველი ხალხის არჩევანია!
მეგობრებო!
სახელმწიფოს შენება და განვითარება ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ არჩევნებზე უნდა ვიტვირთოთ.
არჩევნები გვაძლევს შანსს და გვაკისრებს ვალდებულებას, გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რა გზით წავა ქვეყანა, და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს.
ბედნიერი ვარ, რომ წელს მეც მეძლევა საშუალება ჩემს ოჯახთან ერთად მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო ჩემი ქვეყნის წინაშე.
მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ხმის მიცემა უცხოეთში უწევთ – არ დაიზაროთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა ძვირფასია საქართველოსთვის.
27 ოქტომბერს ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, მის შედეგებში ეჭვს ვეღარავინ შეიტანს.
27 ოქტომბერს ყველას გელოდებით საარჩევნო ყუთებთან. მე მჯერა თქვენი, რომ იაქტიურებთ და მოხვალთ არჩევნებზე, მოხვალთ იმ რწმენით, რომ ხმას აძლევთ საკუთარ კეთილდღეობას და საქართველოს ძლიერებას."