“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა მიზნით იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი საარჩევნო უბანთან ახლოს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59 მუხლის 6 პუნქტით “თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებული იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციიის მუშაკები… ამ ღონისძიებათა გატარების შემდეგ ისინი ვალდებული არიან დატოვონ უბანი”.
აცანის #08 საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობას არავითარი ხელისშემშლელი პირობა არ შექმნია, აქედან გამომდინარე შმაგი ურატაძის უბანზე ყოფნის აუცილებლობაც არ იყო. ურატაძის თქმით, იგი არ არღვევს კანონის მოთხოვნას და კომისიის შენობიდან ზუსტად იმ მანძილის მოშორებით იმყოფება, რასაც მას კანონი ავალდებულებს. მან ასევე გაგვიმარტა, რომ ემორჩილება ხელმძღვანელობის ინსტრუქციას და აქ უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფება.
ჩვენ დავუკავშირდით აცანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და ვაცნობეთ ამ ფაქტის შესახებ. მან პოლიციელს ტერიტორიის დატოვება მოთხოვა.