(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ უკვე ხშირად ნახავთ ბახმაროს მთისკენ მიმავალ მენახირეებს. ნახირს არა მარტო ჩვენი რაიონის, არამედ მეზობელი რაიონებიდანაც მიერეკებიან. როგორც წესი, მთაში პირუტყვის გარეკვამდე ცხოველის აცრა აუცილებელია. იცავენ თუ არა კერძო მესაკუთრეები ამ წესს, ძნელი დასადგენია.
მთაზე მყოფ პირუტყვს ამ კუთხით ვინ გაუწევს კონტროლს, ამის შესახებ ვესაუბრეთ რეგიონული სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურის წარმომადგენელს, ჯუმბერ ხომერიკს, რომელმაც გვითხრა, რომ შტატების შემცირების გამო, წელს ბახმაროში ვეტექიმი არ იქნება, რაც შეეხება ბაზარს, აქ ხორცის ვარგისიანობას მოაწესრიგებს და კონტროლს გაუწევს ჩოხატაურის გამგეობის სამსახური.