უცხოელი სტუმრები იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” ხელმძღვანელი დ. მაისურაძე და მედიაციის კოორდინატორი ა. სუბელიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიაციის ცენტრის ამოქმედების დეტალები განიხილეს. პროექტს სსიპ “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი” ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის დახმარებით ახორციელებს. მედიაციის ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და უზრუნველყოს მედიატორების აქტიური ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროგრამებში, რაც მხარეებს დაეხმარება კონფლიქტის მოგვარებაში და შეამცირებს დანაშაულის ჩადენის ალბათობას.
“მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიხსნება კავკასიაში პირველი მედიაციის ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ძირითადი კურსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა არის პრვენცია, სწორედ ის, რასაც ემსახურება მედიაცია,”_ განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ნორვეგიელი პარტნიორები უზრუნველყოფენ მედიაციის ცენტრის აღჭურვას; სსიპ “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” თანამშრომლების გადამზადებას მედიაციის ცენტრის მართვის კუთხით; შეიქმნება მედიაციის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის განვითარებას, მედიატორის როგორც პროფესიის ფორმირებას, მედიაციის სხვადასხვა მიმართულების, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებას.
თბილისის მედიაციის ცენტრი ნორვეგიული ცენტრების ანალოგით იქმნება. ის მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულებაა კავკასიაში.