საკრებულოს დეპუტატმა, “გზამშენი-18”-ის დირექტორმა თემურ ჯახვამ სიტყვა ითხოვა და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია სოფელ მერიის ტერიტორიაზე, მექანიზაციის ცენტრში განთავსებული 100 ერთეული ტრაქტორის საკითხი, რომელსაც წლევანდელ სეზონზე 15 დღე თუ აქვს ნამუშევარი. ახლა კი დგას და ლპება ეს უახლესი, ძვირად ღირებული ტექნიკა.
“აუცილებლად უნდა მოხდეს თოვლსაწმენდი მისაბმელი დანების ყიდვა, რომელიც ბევრად ნაკლები ღირს, ზამთარში ხომ ხშირად ტექნიკის გარეშე ვართ. ასევე შესაძლებელია მისაბმელი საბარგულების ყიდვა, ხალხს 50 წლის ტრაქტორებით ძლივს მიაქვს მოსავალი ყანებიდან. შესაძლებელია ისეთი სპეციალური მისაბმელების ყიდვაც, რომლის საშუალებითაც საკურორტო ზღვისპირა ზოლი დასუფთავდება, ეს არის უპირველესი საქმე ჩვენს მუნიციპალიტეტში. წარმოიდგინეთ, რა ეკონომიურია მხოლოდ მისაბმელების ყიდვა და რა მასშტაბური სამუშაოები შესრულდება მოსავლის აღების დროს თუ სტიქიის და თოვლიანი ზამთრის პირობებში”, _ თქვა მან და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს აზრი გააცნო რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს შოთა მურღულიას, რომელმაც ძალიან მოიწონა აღნიშნული მოსაზრება.
ოზურგეთის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ განმარტა, რომ აუცილებლად მოხდება ასეთი მისაბმელების ყიდვა. ეს მოხერხდება იმ სარეზერვო თანხის (646 ათასი ლარის) ნაწილით, რომელიც დარჩენილია საპროექტო სამუშაოებიდან.