მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად შეცვალა არჩევნების გზით პრეზიდენტი.
“ჩემს მთავრობას აქვს დიდი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში გამყარდეს დემოკრატია ინსტიტუტების დონეზე და შევძლოთ ევროპასთან რაც შეიძლება მოკლე დროში ინტეგრაცია,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ფუნქციებისა და იმ რეფორმების შესახებაც უამბო, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში.
თეა წულუკიანმა მიმოიხილა სასამართლო რეფორმის ძირითადი ასპექტები, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
“ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი იუსტიციის საკითხებში დამპირდა, რომ ბრიტანეთი დაგვეხმარება როგორც სასამართლო რეფორმის განხორციელებისას მოსამართლეთა შეფასების ინდიკატორების შექმნაში, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის მოსამართლეების მომზადებასა და იმ გამოცდილების გაზიარებაში, რომელიც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით ბრიტანეთს აქვს,” _ განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
კრის გრეილინგის თქმით, ის მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს საქართველოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში. მისივე ინიციატივით, ამავე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიტანელ მოსამართლეებს შეხვდება.