(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში 25_მდე მოზარდი მიიყვანეს, რომელთაც ინფექციური დაავადება _ “ა” ჰეპატიტი აღმოაჩნდათ. სავარაუდოდ, ე. წ. “ბოტკინის” გავრცელების მიზეზი წყალია. “თუ დაავადების მიზეზი წყალია, ეს დიდი სკანდალია! ქალაქი მოიხმარს წყალს და ის თუ ინფექციური დაავადების გამავრცელებელია, გამოდის, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. 25 მოზარდიც საკმაოდ დიდი ციფრია, თან, როგორც ამბობენ, უმეტესად სკოლის მოსწავლეები არიან,” _ გვითხრა მედიცინის ერთ_ერთმა მუშაკმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის ინფექციური განყოფილების გამგეს, მარინა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით: “დიახ, მოზარდები მართლად მოიყვანეს ჩვენთან, მაგრამ არა 25, არამედ 15_მდე. საშუალო სიმძიმის მდგომარეობაა, გართულებები არ არის. მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია, სავარაუდო მიზეზი კი წყალი უნდა იყოს,” _ გვითხრა ქალბატონმა მარინამ.