“დასრულდა სააკაშვილის 9 წლიანი ტირანული მმართველობა და მე იმედი მაქვს ახალი პოლიტიკური მმართველობის სტილი იქნება ლიბერალური. მარგველაშვილმა თავისი მუშაობით ხალხს უნდა დაავიწყოს 9 წლის ტირანია, მაგრამ არავინ დაივიწყებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნიო დაპირებებს. იმედია, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და უკეთესი მომავალი ექნება საქართველოს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, ამ არჩევნების დროსაც არ იყო სიების ფორმულირება სრულყოფილი, როცა სიებში 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველია და არჩევნებზე მხოლოდ 54% მიდის, არჩევნების ლეგიტიმაცია გარკვეულ დისკომფორტს უნდა უქმნიდეს ხელისუფლებას. გარდა ამისა, 27 ოქტომბრის არჩევნები არ ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე, ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი თანამოძმეების კონსტიტუციური უფლებები შეიზღუდა. ამიტომ დასაფიქრებელია ეს საკითხები და შემდგომში გამოსასწორებადი.”
უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ შეახსენა პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნოდ დაბა ხაიშში მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება, რომ მსგავსი ტიპის პროექტები იქნებოდა შეჩერებული და გადახედული.
“ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში, 2012 წლის 11 იანვარს მოხდა ამ ტერიტორიის უკანონოდ გასხვისება, დაირღვა აქ მაცხოვრებლების უფლებები. ამიტომ საჭიროა კალაძემ ამ უკანონო პრივატიზაციაზე გაამახვილოს ყურადღება და არა იმაზე, რამდენად სტრატეგიულია დიდი ჰესის აშენება. ხაიშელები იმედით ელოდნენ ბიძინა ივანიშვილის დაპირების ასრულებას, როცა ის წინასაარჩევნოდ დაბა ხაიშში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას დაჰპირდა, გიგანტური ჰესები არ აშენდებაო. ამის მერე კი ენერგეტიკის მინისტრმა ეს ობიექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გამოაცხადა და გადაწყდა ჰესის მშენებლობა. ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნეს გადახედილი და აყვანილი ყურადღების ცენტრში”.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებზე, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გახარჯვაზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში დაფიქსირდა ორი სერიოზული დარღვევა, არც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
“პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრებიდან გამოვყოფ ძიმცეიშვილს და ადეიშვილს. ჰქონდა თუ არა სააკაშვილს მათი შეწყალების უფლება? 2004 წელს თავად სააკაშვილმა გამოსცა დებულება, რომლის მიხედვით პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი სასჯელის ვადის აღსრულების ნებისმიერ დონეზე. ამ ორი პატიმრის შემთხვევაში სასჯელის ვადის დინება არ არის დაწყებული, ასე რომ ეს აქტი უკანონოა. მეორე სერიოზული დარღვევა არის საპრეზიდენტო ფონდის 50 მილიონი ლარის ასე პირწმინდად გახარჯვა. არაფორსმაჟორული პროექტების დაფინანსება დანაშაულია.”
უფლებადამცველმა ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, რომ აუცილებლად უნდა იყოს მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალების ფორმულირება.