“საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და შედგა ჩვენი ქვეყნისთვის დადებითად. ეს მეორე არჩევნებია, როცა ხელისუფლების შეცვლა მოხდა არჩევნების გზით და იმედია, მომავალშიც ყოველთვის ასე იქნება. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო თვალსაზრისითაც. ჩვენ გველოდება ვილნიუსის სამიტი და ეს არჩევნები იქნება პლიუს დაწერილი სავიზიტო საშვი ევროპისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა ცოცხალი სფეროა, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება. ჩვენ 21-ე საუკუნის შასაბამისი სტანდარტები უნდა დავნერგოთ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში,” _ აღნიშნა ჩიხრაძემ.
მან ყურადღება მომავალ პრემიერ-მინისტრზეც შეაჩერა და განაცხადა, რომ მთავარია როგორი იქნება ძალთა ბალანსი, დიდი მნიშვნელობა აქვს ეს საკვანძო ფიგურა იქნება დომინანტი თუ დემოკრატი.
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პოზიტიურად შეაფასა და იქვე აღნიშნა, რომ წინა წლებში ყოველგვარი მონდომება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისა, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვიდა, ივანიშვილმა კი ეს შეძლო.
“მისი დარჩენა მაღალ პოსტზე შემდგომში პრობლემატური იქნებოდა, ივანიშვილმა დაინახა ეს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება წასვლის. იმედია, ამის შემდეგ პლურალიზმის ეპოქა დაიწყება,” _ დასძინა ჩიხრაძემ.
ამასთან, მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ რაც შეიძლება ხშირად დაუსვან მთავრობის წევრებს კითხვა – როდის იქნება ცნობილი თუ რა სისტემით, რა ფორმით ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან პარტიებისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.