აქვე, მან საზოგადოებას მიმართა და თქვა, რომ არ არიან მართლები ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ახალგაზრდაა და პრემიერის პოსტზე არანაირი გამოცდილება არ აქვსო.
“არ შეიძლება იმის თქმა, რომ ირაკლის გამოცდილება არ აქვს, მაშინაც ეს მესმოდა, როცა ის შს მინისტრი გახდა, მაგრამ ყველამ დავინახეთ როგორ გაართვა თავი რთულ პირობებში მუშაობას. მან ძალიან კარგი მენეჯმენტის თვისებები გამოავლინა, მან დაგვანახა, რომ მზად არის მართოს ქვეყანა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ პერიოდში მან ძალიან ბევრი პრობლემა დიპლომატიურად და დელიკატურად გადაჭრა. ირაკლიმ რეალურად დაიმსახურა პრემიერობა და ნურც ის ეგონება ვინმეს, რომ მისი ახალგაზრდობის გამო დათმობს პრინციპებს. მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ასეთი კარგი პრემიერის მოსვლა”.
თოფაძე აცხადებს, რომ ჯერ არ იცის თუ ვინ მოიაზრება შსს მინისტრის პოსტზე.
“ძალიან ნათლად გვითხრა ბიძინამ, რომ ამ თემაზე ის და ირაკლი იმსჯელებენ და შეჯერებულ კანდიდატურას გამოიტანენ პოლიტსაბჭოს და მთლიანად კოალიციის წევრების განსახილველად. ასე რომ, ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ვიღაცეები რაღაც ვარაუდებს გამოთქვამენ, მაგრამ ჯობია დაველოდოთ და ნუ დავეყრდნობით ამ ვარაუდებს”.




































































