შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის “პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში” დახურვასთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა. დიპლომატებმა მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა მიულოცეს, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელმა კი მინისტრს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტს თემაზე: “პოლიციელთა შესაძლებლობების ზრდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“” 2012 წლის სექტემბრიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა (INL) და ესტონეთის მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომლების გადამზადება განხორციელდა. გადამზადების პროცესს უძღვებოდნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ასევე ტრენერებად მომზადებული ქართველი სამართალდამცველები.
პროექტის დახურვასთან დაკავშირებით, კონფერენცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” 3 დღის განმავლობაში – 4, 5 და 6 ნოემბერს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ს და ესტონეთის ექსპერტები ქართველ კოლეგებს (პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, სოციალურ მუშაკებს, ჟურნალისტებს, ექიმებს) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკას გაუზიარებენ.