“გურია ნიუსი” ამ პრობლემის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის ნომერში წერდა, სადაც ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა გვითხრა, რომ მერიაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯართის მოპოვებისას, მიწაში დამარხულ სარაკეტო სითხეებს მიაგნო, რომლებიც მრავალტონიან ავზებში იყო მოთავსებული.
“ეს იყო რეაქტიული საწვავი _ მელანჟი და სამინი, რომელიც სარაკეტო წვრთნების დროს მხოლოდ რაკეტებისთვის გამოიყენებოდა და მისი სხვა დანიშნულებით მოხმარება გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული.
ამ ტერიტორიას, ვიდრე სამხედრო ბაზა მოქმედი იყო, 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა იცავდა, შემდეგ კი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ავზებს მოსახლეობამ სარქველი მოხადა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი პრობლემები _ ინტოქსიკაციები, ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლე, დაქვეითებული მხედველობა, გადამხმარი ციტრუსი, დაბინძურებული ეკოლოგია _ ეს მერიისთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.
ერთი და იგივე დაავადებით ასობით ადამიანი დგება პრობლემის წინაშე. ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხზე ახლა არ დაგვიწყია მუშაობა. წლების წინ, როდესაც თბილისში ჩავდიოდი სხვადასხვა ინსტანციაში მეუბნებოდნენ, რა დროს ოზურგეთიაო.
ოზურგეთის საზოგადოება თქვენი მეშვეობით ვითხოვთ, მოხდეს მერიის და არა მარტო მერიის შესწავლა, ჭანიეთში არის, ასევე, ყოფილი სამხედრო ბაზა და მიწის ქვეშ დამარხული საწყობი _ ტყვია-წამალი, რომელიც მოუხმარებელი იყო და იხრწნება. არავინ არ იცის, ხვალ რა იქნება.
ამ ყველაფერს სჭირდება ყურადღების მიქცევა. არჩევნებმა და პოლიტიკამ არ უნდა გადაფაროს თემა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა. იქნებ, იქ, არც არაფერი არ არის, მაგრამ ხომ უნდა მიაქციოს ვინმემ ყურადღება. არ მინდა, ხალხი პანიკაში ჩავარდეს. ერთმანეთის თანადგომა არის საჭირო. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები,” _ განაცხადა შეხვედრაზე ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა.
ოზურგეთელმა გურამ ცერცვაძემ მე-20 საუკუნის ბოლოდროინდელი ამბები გაიხსენა.
“მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის დროს მერიაში პარლამენტარები ჩამოვიდნენ და მათ შორის იყო მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვახტანგ რჩეულიშვილი. მე თვითონ ვარ მოწამლული მერიის სამხედრო ბაზაზე. 7-8 წუთი ვიდექი და ცუდად გავხდი. დიდი ბრძოლის შედეგად ორი ცისტერნა წაიღეს ისრაელში, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრეს.
მერიაზე გაცილებით უარესი მდგომარეობა არის ლანჩხუთში. იქ ონკოლოგიურმა დაავადებებმა მეტად იჩინა თავი, იქ არ არის მელანჟი და სამინი, იქ სტრატეგიული მნიშვნელობის სუფსის ტერმინალია, მაგრამ არის ისეთი დაუცველი ადგილები, სადაც ხდება ზედმეტი აორთქლება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს,” _ თქვა გურამ ცერცვაძემ.
ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგ ელზა სიმონიშვილის განცხადებით, მიტოვებული ბაზების თემა ყველასთვის ცნობილია.
“ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ, სამწუხაროდ, ჩვენთან სტატისტიკური მონაცემები არ წარმოებს. ინფორმაცია შეგიძლიათ მხოლოდ “მედალფას” ონკოლოგისგან მოიპოვოთ. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, ჯანდაცვის ცენტრის ფუნქციაში შედის სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებების სტატისტიკა და მონაცემების შედგენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არ გვეხება.
ამასთან, რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყვნენ ზედამხედველობის სანიტარული სამსახურის სპეციალისტები. დღეის მონაცემებით, ონკოლოგიური შემთხვევები რაიონში არის დაფიქსირებული, მაგრამ ცოტა თავი უნდა შევიკავოთ იმ განცხადებებისგან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მელანჟის და სამინის ბრალია. გარდა ამისა, თავიდან გამოსაკვლევია არის თუ არა მერიის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეს დაავადება მომატებული. კარგი იქნება თუ შეიქმნება ჯგუფი ან კომისია, რომელიც ამას შეისწავლის,” _ განაცხადა სიმონიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ ჯერ თავისი, შემდეგ კი საკრებულოს პოზიცია დააფიქსირა.
“როდესაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, ვმუშაობდი ამ საკითხზე. მე, პირადად, დავესწარი იმ პროცესებს, როდესაც მელანჟი და სამინი იქნა გატანილი. მაშინ, როდესაც ამ კვლევებს ვაწარმოებდი, გატანილი იქნა არა მარტო მელანჟი და სამინი, არამედ ის ტყვია-წამალი, რომელიც ინახებოდა მერიის ტერიტორიაზე. იმედია, ეს ფაქტები ინახება ტელევიზიაში. მაშინდელი საკრებულოს სხდომებიც მახსოვს და, ასევე, მეცნიერების ჩამოსვლაც. ეს დაავადება მერიაში განლაგებულ ყოფილ ბაზას უკავშირდება თუ არა, სპეციალისტების გამოსაკვლევი საკითხია. ხმამაღალი განცხადებები უნდა გაკეთდეს, მაგრამ არგუმენტირებულად. საკრებულოში მერიიდან არანაირი განცხადება არ არის შემოსული ამ პრობლემის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხის შესწავლისთვის მხარდაჭერა იქნება არამარტო ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არამედ საზოგადოებისგანაც. უბრალოდ, როდესაც ხმამაღლა განცხადებებს გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს არგუმენტები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მხარდაჭერას გამოხატავს და ეს არის ჩვენი პოზიცია,” _ თქვა საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
სპეციალისტების მიერ დასკვნების დადების აუცილებლობაზე საუბრობს “სამედიცინო ცენტრის” დირექტორი დავით მდინარაძეც.
“ასე ზეპირად ამ საკითხზე საუბარი არ შეიძლება. აღებული უნდა იყოს კონკრეტული სოფელი, რომელზეც ვსაუბრობთ და, ასევე, მეორე სოფელი. მერიის გარდა სხვა სოფლებში არის პრობლემები და ყველაფერს სჭირდება შესწავლა,” _ აღნიშნა მდინარაძემ.
ოზურგეთელმა კახა ვასაძემ კი ყურადღება აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში საზოგადოების როლზე გაამახვილა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
“კარგი იქნება თუ აქტიურად ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. ბოლოსდაბოლოს, სიმართლე უნდა დადგინდეს და გაირკვეს ყველაფერი,” _ უთხრა “გურია ნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა ლალი გოგუაძემ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ საკითხით უკვე დაინტერესდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
ამავე თემაზე: