“წარმოდგენილი ცვლილებები ბიძგს მისცემს დაწყებული რეფორმების პროცესს და მომავალი წლები ბევრად უფრო დინამიური იქნება განვითარების თვალსაზრისით, რასაც ვპირდებოდით ჩვენს საზოგადოებას. დაიწყება საკონსტიტუციო რეფორმა, ნოემბერ–დეკემბერში განიხილება თვითმმართველობის მოწყობის საკითხები, საკმაოდ მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შესახებ კანონმდებლობის მიღების საკითხები”.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, დიდი როლი ენიჭება თვითმმართველობების მოწყობის საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტას, რადგან მისი გატარების გარეშე შეუძლებელი იქნება ადგილობრივი არჩევნების სრულყოფილი ჩატარება. მისივე თქმით, გაგრძელდება საარჩევნო რეფორმა, რომელიც წინ უძღვოდა საპრეზიდენტო არჩევნებს.
ქუცნაშვილმა “ქართული ოცნების” 24 ნოემბერს მოწვეული რიგგარეშე ყრილობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ. მანვე ხაზი გაუსვა საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას რეფორმირების პროცესში.
“კარგი იქნება თუ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება დისკუსიებში, იმისათვის, რომ მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ თავიანთი წვლილი რეფორმირების პროცესში”.
კითხვაზე – უნდა შეეზღუდოს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება, ქუცნაშვილმა უპასუხა:
“მსოფლიოში მრავალი მიდგომა არსებობს, თუმცა არსად არ ექვემდებარება განხილვას ეს საკითხი. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, თუმცა ეს უფლება უნდა იყოს რაიმე პირობით შეზღუდული და არ უნდა მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება”.