ამასთან, ძიძიგურმა პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების შეზღუდვის შესახებაც ისაუბრა.
“არ არის საჭირო კანონის გადახედვა იმის მიხედვით თუ რას გააკეთებს სააკაშვილი, კანონში შეუძლებელია ჩაწერო, რომ ქვეყნის პირველი პირი არ უნდა იქცეოდეს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ოპოზიციაში გადასული ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამის კანონით დარეგულირება სრულიად შეუძლებელია. ამიტომ ისეთ არაორდინალურ პიროვნებაზე, როგორიც სააკაშვილია, არ არის ლოგიკური კანონების ცვლილება მოახდინო. თუ სახალხო დამცველი ამ საკითხით პარლამენტში შემოვა, ჩვენ განვიხილავთ,” _ აღნიშნა ძიძიგურმა.
მან სააკაშვილის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას პოლიტიკური ვალდებულების მოხდა უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ამით ბაჩო ახალაიას იმ ერთგული სამსახურისთვის გადაუხადა, რა სამსახურსაც წლების განმავლობაში უსიტყვოდ უწევდა ახალაიების მთელი ოჯახი დანაშაულებრივ ქმედებებში.
ძიძიგური პრეზიდენტის რეზიდენციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო 800 მილიონიალი ფეშენებალური ოფისი ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს.
“ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია საკმაოდ მოკრძალებულია, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ფუფუნების უფლება და სწორედ ამიტომ პრეზიდენტის რეზიდენცია ხალხს უბრუნდება. ეს არის ძალიან ჯანსაღი, ბუნებრივი და სწორი მოვლენა. სწორედ ესაა ჩვენი დევიზი – “არავითარი ფულის ხარჯვა ჩინოვნიკების ფუფუნებით ცხოვრებაზე”. ასე იქნება ყოველთვის, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვიქნებით”.