პრესკონფერენციის მთავარი თემა საგზაო სამუშაოების საკითხი იყო, კერძოდ: შარაშენიძემ თქვა, რომ მუნიციპალიტეტში გზების შეკეთება თუ მშენებლობა პრიორიტეტად არის დასახული. ახლა ხდება ლიხაური-აჭის გზის რეაბილიტაცია, რომლის სიფართე 5,5 მეტრი იქნება. ის აჭის მონასტრამდე მივა. სამ ადგილზე მოეწყობა პარკინგი მანქანებისთვის. ასევე კეთდება თხინვალის გზა, ხდება მერია-ლაითურის ხიდის რეაბილიტაცია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღს უტარდება სრული რემონტი.
“ყველაზე სასიხარულო რაც არის, ოზურგეთის ძველი ბაზრის აღდგენა ხდება, სადაც ერთი სიგრძივი დახლი დაეთმობა სოფლიდან ჩამოსულ გლეხებს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გაყიდიან. დანარჩენი ადგილებისთვის კონკურსის წესით, ლოტოტრონის მსგავსად, გათამაშდება ლატარია და ვის რომელი ადგილიც მოუწევს, იმ ნომერზე გაუფორმებენ ერთწლიან იჯარას. ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული პირი ამ დგილზე ივაჭრებს”, _ თქვა შარაშენიძემ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა ოზურგეთში სამეურნეო ეზოს გახსნი შესახებ, სადაც განთავსდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სახის ტექნიკა. დასასრულ კონსტანტინე შარაშენიძემ მანდარინის რეალიზაციის შესახებ ისაუბრა: ეს თემა ახლა აქტუალურია და მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს.
“წელს ოზურგეთში ციტრუსოვანთა რეალიზაცია მოხდება უპრობლემოდ. ამუშავდება მერიის და ნატანების ეთერზეთების ქარხნები. დაწესდება ჩაბარების ფასი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხს მოსავალი არ ეზარალოს და წლევანდელი მოსავალი მათ გადასაყრელი არ გაუხდეს”, _ თქვა მან.