“სამწუხაროდ, ტელეკომპანიის რუსულენოვანი რედაქციის მიერ მომზადებულ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას, როდესაც აღინიშნა, რომ ბრიუსელში საქართველოს ელჩი ახლო მომავალში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას იმედოვნებს”.
ბრიუსელში საქართველოს საელჩომ უკვე მიმართა “Euronews”-ის მთავარ რედაქციას დაშვებული შეცდომის გამოსწორების თხოვნით და ასევე, გამოითხოვა ინტერვიუს ვრცელი ჩანაწერი.
“მე მქონდა ვრცელი ინტერვიუ “Euronews”-თან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების და არჩევნებისშემდომი სიტუაციის შესახებ. ინტერვიუს მცირე ნაწილი შეეხო რუსეთთან ურთიერთობებს, თუმცა, აღნიშნული ინტერვიუს დროს, ჩემი მხრიდან არ გამოთქმულა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფად აღდგენის იმედი, როგორც ეს რუსულენოვან გამოცემაში (და არა ინგლისურენოვანში) მომაწერეს.
მე ვისაუბრე ურთიერთობების “ფრთხილ ნორმალიზებაზე”, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე. სამწუხაროდ, ეს ბოლო ფრაზა გამოტოვებული იქნა ინტერვიუში.
ურთიერთობების ნორმალიზების ხარისხი არ გულისხმობს “დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას”. მსგავს განცხადებას მე ვერ გავაკეთებდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსგავსი იმედი არ გამაჩნია, და მეორე – ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქართული რადიოს (პირველი რადიო) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მე განვიხილე ქართულ-რუსული ურთიერთობები და აღნიშნული ურთიერთობების სირთულე საქართველოს წინა მთავრობას მივაწერე, არაზუსტია. ინტერვიუს დროს მე არ მიხსენებია კონკრეტულად რომელიმე მთავრობა. მე განვაცხადე, რომ საქართველო კარგად ვერ ახდენდა საკუთარი ინტერესების დაბალანსებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც, ვფიქრობ, არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დილემა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და არა მხოლოდ წინა ხელისუფლების პრობლემა,” _ აღნიშნავს ნატალი საბანაძე.