საუბრისას თავდაცვის მინისტრმა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების განსაკუთრებული მხარდაჭერა აღნიშნა და განაცხადა: “ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრანგეთისა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებით ვავითარებთ. საქართველო წარმატებულ ქვეყნად მოიაზრება. ევროპაში საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი წარმატებული განვითარებადი ქვეყანა. საქართველო ნამდვილად ახორციელებს რეფორმებს, წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებაში, აუმჯობესებს პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ ევროპის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ. სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ მიღწეული წარმატება სათანადოდ იყოს შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რის შედეგსაც ჩვენ ვილნიუსის და ნატოს 2014 წლის სამიტებზე ველით”.
ირაკლი ალასანიამ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, “ქართულმა საზოგადოებამ ხმა მისცა და აირჩია გახდეს ევროპის ნაწილი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ყველასთვის აშკარა და გარდაუვალია. ქართველი ხალხის 75% ნატოში გაწევრიანების მომხრეა და ასეც იქნება. ამ კუთხით, ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ვუწყობთ ხელს. მაგრამ, ასევე წვლილი შეგვაქვს ევროპული საზოგადოების უსაფრთხოებაში. საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში. ვამაყობთ, რომ ჩვენ საფრანგეთისა და კოალიციური ძალების სხვა მოკავშირეებთან ერთად, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით. საქართველოს ენდობიან და სანდო პარტნიორად აღიქვამენ”.