გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში, კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. “მიწურები” და ხის სადგომები.
2011 წლის განმავლობაში, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, დავით ჩაგინავა სხვადასხვა დროს, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით, უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. ზემოხსენებულ ქმედებებს ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ, რათა უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ამჟამად დავით ჩაგინავა გადაყვანილი და მოთავსებულია რუსთავის N9 საპყრობილეში.