აღნიშნული საკითხით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა და ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს პარლამენტს მიმართა წერილობით.
როგორც ორგანიზაციისთის გახდა ცნობილი, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიც არის, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი მართლაც ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა ამ კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია.
“კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი – სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი. პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის კუთხით. ამასთანავე, სასწავლებლად წასვლა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვერ ჩაითვლება გაცდენის საპატიო (ოჯახური მდგომარეობის გამო) მიზეზად. შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები”, _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.