ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებმა გაიარონ სწავლება და მომზადება საგადასახადო სფეროს ექსპერტებთან ერთად. აიმაღლონ ცოდნა და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები, რაც მათ დასაქმებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარებათ.
“ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის იწყება თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ეტაპი. ჩვენს აკადემიასა და შემოსავლების სამსახურში პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. მათ შესაძლებლობა ექნებათ აკადემიის ბაზაზე აიმაღლონ კვალიფიკაცია და ღრმად ვარ დარწმუნებული, მომავალში ბევრი მათგანი დასაქმდება შემოსავლების სამსახურში,” _ განაცხადა ხადურმა.
“გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მოამზადა ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროგრამა აქამდე ჯერ არ განხორციელებულა. იმედი მაქვს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზას, რომელიც გააჩნია აკადემიას, მთლიანად გამოიყენებენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები,” _ აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.
ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვა, მოქმედი გადასახადები, საგადასახადო კონტროლი და სხვა.
პროექტში ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობენ. ტრენერებად მოწვეული არიან სსიპ შემოსავლების სამსახურის ექსპერტები. სწავლების პარალელურად, კურსის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრსაც მოინახულებენ.