_ ბატონო ამირან, როგორც ვიცით ბიუჯეტიდან ფეხბურთისთვის გამოიყო 85 ათასი ლარი, რას მოხმარდება კონკრეტულად ეს თანხა?
_გამოყოფილი თანხა მოხმარდა ფეხბურთლების ხელფასის დავალიანების დაფარვას, ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ჩვენ ბიუჯეტიდან გავეცით თანხა უმაღლეს ლიგაში გუნდის არსებობის პერიოდში, რაც შეეხება იმ თანხებს, რომელიც გადავეცით კლუბს, ეს არის პირველი ლიგის თამაშის დავალიანების დასაფარი თანხა. ასევე მუნიციპალიტეტს აქვს ბანკის ვალი, რომელიც აიღო კლუბის გამო წინა წელს , მაგრამ წელს არ აგვიღია, არ მოხერხდა. ავიღეთ ნებართვა, მოგვცა თანხმობა მინისტრთა კაბინეტმა, თუმცა არცერთმა ბანკმა არ მოგვცა ფული, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ამ თანხას ბიუჯეტში ვერ ავსახავდით და უნდა აესახა გუნდს პირდაპირ, მაგრამ გუნდს თანხა არ მისცეს.
_ როგორც ვიცით ბანკის დავალიანებას დღემდე იხდის ბიუჯეტი და რამდენია დავალიანება?
_ რა თქმა უნდა ვიხდით, დავალიანებაა ნახევარი მილიონი.
_ თანხა, რომელიც მიიმართა ფეხბურთის დასაფინანსებლად რას მოაკლდა?
_ მოკლებით არაფერს მოკლებია, აქამდე მუნიციპალიტეტის შემოსავლების თვალსაზრისით დამოკიდებული იყო გამოთანაბრებით ტრანსფერზე, თუმცა გარდა გამოთანაბრებით ტრანსფერისა მილიონ ორასი ათასი არის ადგილობრივი შემოსავალი და ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამოვიღოთ.
_ როგორც ვიცით ბაღებში მოხდა ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებეზე ხელშეკრულების შეჩერება?
_ არა, არასწორი ინფორმაციაა, მათ ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდათ, ინტენსიური მოძიების პროცესში ვართ, საუბარია 11 ათას ლარზე, რომელიც 30 ადამიანს წლის ბოლომდე გაუგრძელებს ხელშეკრულებას, თუმცა ისისნი მომავალი წლის იანვრიდან იქნებიან აყვანილნი. რთული მდგომარეობაა, კანონში ცვლილებამ გამოიწვია ბაღში 200 ბავშვის მომატება და ვერ აუდიან არსებული შტატებით მათ მოვლას. როგორია 3 მომვლელი და 150 ბავშვი.
_ გარკვეული პრეტენზიები აქვთ ბაღის პედაგოგებს, გუნდს მოხმარდა ამდენი თანხა, ისინი კი დარჩნენ უმუშევარნი?
_ მათი პოზიცია სწორია, ცოტა გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს, ჩვენ ბაღები ხომ არ დაგვიშლია? და ის იშლებოდა.
_ანუ, თანხა, რომელიც კლუბს მოხმარდა, რომ არ მომხდარიყო მისი გამოყოფა, გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე იდგა?
_ რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლომდე კარგი მიდგომა, მაგრამ ასე იყო. პედაგოგების მხრიდან პრეტენზიები კი ნამდვილად მისაღებია. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ 11 ათასი ლარი, რის შემდეგაც 30 ადამიანს უკან დავაბრუნებთ.