სხდომის დამთავრების შემდეგ შამათავამ აღნიშნა, რომ მისი გადაყენება უკანონოდ მოხდა, დანებებას არ აპირებს და სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დარეჯან კვარაცხელიამ 23 ოქტომბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა თანამდებობაზე დააბრუნა. განჩინება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 ნოემბერს გადაეგზავნა.
შამათავა დღეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და აცხადებს, რომ ჩვეულ რეჟიმში აპირებს მუშაობის გაგრძელებას და საკრებულოს ყველა წევრთან ითანამშრომლებს.
“მე ვაპირებ ჩვეულებრივად გავაგრძელო მუშაობა საკრებულოს თითოეულ წევრთან. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ამ ადამიანთა უმეტესობას სურდა ჩემი თანამდებობიდან გადაყენება, ისინი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. იმ ადამიანებთანაც ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ თანამშრომლობას, რომლებიც დღესაც წინააღმდეგნი არიან ჩემი სამსახურში აღდგენის და აპირებენ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ არჩეული დეპუტატები და არ გვაქვს უფლება ვიღაცის ინტერესებს გადავაყოლოთ ხალხის და რაიონის კეთილდღეობა”.
სენაკის საკრბულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაბურზანია კი აცხადებს, რომ საკრებულო არ შეეგუება შამათავას თანამდებობაზე დაბრუნებას და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების სისრულეში მყვანას.
“სასამართლომ გამოიტანა უკანონო გდაწყვეტილება. ჩვენ გავასაჩივრებთ შემდგომ ინსტანციებში ამ გადაწყვეტილებას და შედეგს დაველოდებით. დღეისთვის საკრებულოს იმ 19 წევრმა, რომლებმაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს შამათავას, ისევ დაწერეს განცხადება, რომელიც უკვე ბიუროს ჩაბარდა და ითხოვენ რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, სადაც იგივე საკითხი დადგება დღის წესრიგში”.
მურად შამათავას განცხადებით, მისი დაბრუნების შემდეგ საკრებულოში არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.