საჯარო რეესტრის მონაცემებით სააგენტოს მფლობელი შპს “უნივერსალი-97” გახდა. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია Finseck Limited-ია, რომლის წარმომადგენელიც პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, კახა კობიაშვილია. ის პრემიერ მინისტრის მეუღლესთან ერთად ფლობს შპს “აქცეპტსაც”, რომელიც შპს “მეცხრე არხის” დამფუძნებელია. “მეცხრე არხი” ამავე სახელით 2013 წლის აგვისტომდე მაუწყებლობდა და ამ დრომდე “ინფო 9”-ს ფლობდა.
“ინფო 9”-ის გაყიდვის გადაწყვეტილებას ხელი “მეცხრე არხის” ახლადანიშნულმა დირექტორმა, ვეფხვია დვალმა მოაწერა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღით ადრე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილი შეცვალა. ეს გადაწყვეტილებაც კახა კობიაშვილმა მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, “მეცხრე არხის” ახალ გენერალურ დირექტორს, ვეფხვია დვალს ყოველთვიურად სახელფასო ანაზღაურება 1250 ლარი ექნება.
ვეფხვია დვალი სამშენებლო კომპანია “ფინსერვისი–XXI”-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, რომლის მფლობელიც ასევე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიებია. მათი წარმომადგენელი საქართველოში კი კვლავ კახა კობიაშვილია.
“მეცხრე არხისა” და “ინფო 9”-ის დახურვის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება. არხის გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის გადაწყვეტილებით “მეცხრე არხმა” მუშაობა იმავე საღამოს შეწყვიტა. მას მერე “მეცხრე არხი” ეთერში არ გასულა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-მ კი მუშაობა გააგრძელა.
მოგვიანებით, სააგენტოს ქონების განვადებით გადაცემის და მუშაობის გაგრძელების თხოვნით “ინფო 9”-ის მენეჯმენტმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მიმართა. მათ გაითვალისწინეს სააგენტო “ინფო-9”-ის მენეჯმენტის თხოვნა და მათ სააგენტოს ბრენდის, სახელი – “ინფო 9”, ვებ-მისამართის და არქივით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებმაც ახალი კომპანია შპს “ინფო 9” შექმნეს და მუშაობა გააგრძელეს. ამ კომპანიის მფლობელები ამჟამად არიან მანანა ელიაშვილი (30%) , ლუბა ელიაშვილი (40%), თენგიზ ქირია (20%) და შალვა ჯოხაძე (10%).