ამერიკული უახლესი ავიამზიდი, “ჯერალდ ფორდი”, ატლანტიკის ოკეანეში, შაბათს, 9 ნოემბერს ჩაეშვა.
ცერემონია ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინიაში, ჩატარდა. ტრადიციული აუცილებლობა _ შამპანურის ბოთლის გემის კიჩოზე გატეხვა აშშ-ს 38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის, ქალიშვილს, სიუზან ფორდ ბეილზს ანდეს.
“ავიამზიდი “ჯერალდ ფორდის” მშენებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ 70 პროცენტითაა დასრულებული”, _ განაცხადეს აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა. ისინი გემის სრულ მზადყოფნაში მოყვანას 2015 წლისთვის გეგმავენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ გემს ელის საზღვაო გამოცდები, რომელიც 2016 წლისთვის იგეგმება.
ამერიკის საზღვაო ძალები მიიღებს 10 ავიამზიდ “ჯერალდ ფორდს”, რომელიც შეცვლის უკვე მოძველებულ “ნიმიცებს” და “ენტერპრაიზებს”. ეს გემი იქნება პირველი სრულიად განსხვავებული ტიპის ავიამზიდი იმ ავიამზიდებს შორის, რომლებიც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ბოლო 40 წლის მანძილზე ჰყავდათ. ამ გემის მთავარი უპირატესობა მის წინამორბედებთან არის ის, რომ მას შეუძლია საკუთარ ბორტზე მიიღოს უპილოტო თვითმფრინავები.
პროექტზე _ “ჯერალდ ფორდი”, სულ 42,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 2 მილიარდით აღემატება თავდაპირველად განსაზღვრულ ფასს, მაგრამ აშშ-ს ფლოტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს თანხა კომპენსირებული იქნება მისი ექსპლოატაციის დროს. საქმე იმაშია, რომ ამ გემს სჭირდება მცირერიცხოვანი ეკიპაჟი, რითაც იგეგმება 4 მილიარდი დოლარის ამოღება მისი 50-წლიანი გამოყენების განმავლობაში.