“ჩვენ, როგორც საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ომბუდსმენს, განცხადებით მოგვმართა ძალოვანი სტრუქტურებისა და ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის კავშირის „მიზანი 2005“–ის თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილმა, რომელშიც გამოხატულია პროტესტი მედია–კავშირ „ობიექტივში“ გასული გადაცემის შემდგომ ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსთან მომხდარი სატელეფონო კამათისა და დეპარტამენტში სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. საზოგადოებას მსურს ვაცნობოთ, რომ ამ განცხადების საფუძველზე ვეტერანთა ომბუდსმენის აპარატმა გაწია გარკვეული სამუშაო ვითარებაში გარკვევისა და მხარეთა პოზიციების დაახლოების მიმართულებით.
როგორც გაირკვა, საკამათო სიტუაცია შეიქმნა კომუნიკაციის ნაკლებობისა და გაუგებრობის საფუძველზე. ეს ნათლად გამოჩნდა, ორივე მხარის სურვილში მომხდარიყო შეხვედრა, ვეტერანთა ომბუდსმენის მედიატორობით.
ასეთი ინციატივა და სამუშაო შეხვედრა მხარდაჭერილი იქნა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს ვეტერანთა ფედერაციის მხრიდან. კონსტრუქციული შეხვედრა მართლაც შედგა ამა წლის 14 ნოემბერს. საქმიანი შეხვედრა შედგა ვეტერანთა დეპარტამენტში დეპარტამენტის უფროსთან გელა დოლიძის, ნოდარ ცოტნიაშვილის მონაწილეობით და ჩვენი მედიატორობით.
შეხვედრისას გელა დოლიძისგან მიღებული იქნა ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პირობებში განხორციელდა დეპარტამენტის მიერ ვეტერანებისათვის. დეპარტამენტის უფროსის განცხადებით განხორციელდა ვეტერანების 100 პროცენტიანი პაკეტით სამედიცინო დაზღვევა, ხორციელდება ვეტერანთა ჰოსპიტალის ტექნიკური გადაიარაღება და რეფორმირება, ამოქმედდა ვეტერანთა სტატუსის მინიჭების კომისია და დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება ომში დაღუპულთა, დაკარგულთა მოძებნის მიმართულებით აქტიური იურიდიული სამუშაოები და არაერთი სხვა ღონისძიება, რომელიც მიმართულია ვეტერანთა პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტისაკენ.
ასევე გადაწყდა, რომ დეპარტამენტი წელიწადში ორჯერ წარდგება ვეტერანული არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით. შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში და შექმნა პოზიტიური ფონი ვეტერანებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბედნიეროდ, ვეტერანთა თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გვქონდა და გვაქვს უშუალო კომუნიკაცია დეპარტამენტთან. დეპარტამენტთან ურთიერთობისას არ შექმნილა რაიმე ბიუროკრატიული ან სხვა სახის ფორმალური დაბრკოლებები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დეპარტამენტის უფროს გელა დოლიძის მხრიდან განხორციელებული პოზიტიური სამუშაო წინგადადგმული ნაბიჯია ვეტერანთა პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების პროცესში. მიგვაჩნია, რომ დეპარტამენტის მხრიდან, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, ვეტერანების სასიკეთოდ ეს სამუშაო არ უნდა შეჩერდეს და ყველა აქტივობა უნდა მიმართული იქნას მეტი პოზიტიური დინამიკისკენ. ამ მიმართულებით ყოველთვის პრინციპულები ვიქნებით,“ _ აღნიშნულის ვეტერანთა ომბუდსმენ გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.