მარგველაშვილის თქმით, ქვეყანა მუდამ მზად იქნება გარეშე საფრთხეების მოსაგვარებლად.
_ “როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად,” – აღნიშა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ის აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად.
_ ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლის დამკვიდრებას. ასევე, ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილების დაბრუნება იქნება.
_ ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება, _ განაცხადა მარგველაშვილმა.