“სიტყვა იყო შინაარსიანი, სწორად იყო დალაგებული როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, ხაზი იყო გასმული ეკლესიის როლის მნიშვნელობაზე. ასევე, სწორად იყო ხაზგასმული რუსეთთან ურთიერთობის დალაგების აუცილებლობა ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და მშვიდობისთვის, მაგრამ ინაუგურაციას ჰქონდა ძალიან დიდი მინუსი–იქ არ იყო ხალხი და ოპოზიცია. სწორედ გუშინ უნდა დაენახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. ერა, როცა განსხვავებული ხედვების ოპოზიცია აღიარებს ახლადარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ერთად დგანან ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში, მაგრამ იქ ოპოზიციის არ დასწრება და არ მიწვევა სწორედ რომ ოპოზიციური ძალების არ აღიარების მაგალითია. ოპოზიციის არ მიწვევა გამოიწვია კომპლექსმა განსხვავებული აზრის აღიარებისა და საერთოდ არსებობის. რაც შეეხება მოქალაქეების არ დასწრებას, ეს იყო კოალიციის შინგით პოლიტიკური ინტრიგა და მცდელობა, დააკნინონ პრეზიდენტის ინსტიტუტი ხალხში. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ფუნქციები შეეზღუდა, მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ფიგურაა, ჩემი კრიტიკის მიუხედავად ყოველთვის ვამბობ, რომ მარგველაშვილს აქვს ის თვისებები, რომელიც საქმიანობის წარმართვაში შეუწყობს ხელს, ეს იციან კოალიციის შეგნით და ყველანაირად ცდილობენ პოლიტიკური ინტრიგებით დააკნინონ პრეზიდენტის ინსტიტუტი”.
ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ცდილობს ოპოზიციურ აზრს გაუკეთოს იგნორირება, სწორედ ამიტომ არ იქნა თვითმმართელობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები განხილული და შეთანხმებული ოპოზიციასთან, არადა როგორც დასის ლიდერი აღნიშნავს, არის ბევრი საკითხი, რომელმაც შესაძლებელია შემდგომი გართულებები გამოიწვიოს.
“კოდექსთან მიმართებაში სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა შენიშვნები აქვთ, მე დავასახელებ მაგალითს, რათა თვალსაჩინო გახდეს ის ხარვეზები, რომლებიც კონსულტაციებს მოითხოვს. კოდექსში არის შეტანილი ცვლილება, რომლი მიხედვით მუნიციპალიტეტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 120–მდე. ჯერ ახლა, როცა 63 მუნიციპალიტეტია, საკმაოდ ძვირია მათი შენახვა, გაზრდის შემთხვევაში უფრო ძვირი იქნება, იგნორირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში პოლიტიკური კომპონენტი, მაგალითად ფრაქციის თავმჯდომარე აღარ იქნება პოლიტიკური ფიგურა, ასევე დასარეგულირებელია რეგიონული ქვოტები”.
ჯონდი ბაღათურია შეეხო ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემასაც და აღნიშნა, რომ გაერთიანების მცდელობა რეალურია. კონსულტაციები დაწყებულია სხვადასხვა პარტიებთან.