აქციის მონაწილეები დღეს დილიდან შეიკრიბნენ მარტვილის ცენტრში ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ჯარიმების შემცირების მოთხოვნით. მას შემდეგ კი, რაც მათთან არც ერთი საჯარო მოხელე არ მივიდა, მომიტინგეებმა რაიონულ საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს.
“ისეთი დიდი თანხებია დაწესებული საშეშე მერქანზე ნებართვისთვის და მერე ჯარიმებისთვის, რომ შეშა კი არა, შეშით დატვირთული მანქანაც კი არ ღირს მაგდენი. მოვითხოვთ მოგვცენ ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ შევძლოთ ცივი ზამთრის გადატანა,” _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
გარემოს დაცვის ინსპექციაში ამბობენ, რომ მოსახლეობა შეშას უნებართვოდ ჭრის, რასაც არ უარყოფენ თვით აქციის მონაწილეები, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ შეშის მოსაპოვებლად გამოყოფილი ტერიტორიები მიუვალია და ტყეკაფებში მოჭრას ვერ ახერხებენ.
“რად გვინდა გამოგვიყონ ტერიტორია ტყის მოსაჭრელად, თუ ვერ მივალთ იქამდე, ან თუ მივედით იმდენი დაჯდება ეს ყველაფერი, რომ საერთოდ არ ღირს. ეს “გერგება, მაგრამ არ მოგეცემას” ჰგავს. მოვითხოვთ, გამოგვიყონ ახალი ტყეკაფები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, გვეყოფა ამდენი წვალება, ჩვენც ხალხი ვართ,” _ ამბობს განაწყენებული მოსახლეობა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ტყეკაფების გამოყოფის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება შპს “ჯორჯიან ფორესტთან”, რომელიც სოფელ კურზუში ტყის დიდ ნაწილს, 20-წლიანი სარგებლობის ლიცენზიას ფლობს.
როგორ დამთავრდება მოლაპარაკება ჯერ უცნობია, იქამდე კი აქციის მონაწილეები თავიანთ მოთხოვნებს ხვალ დილიდან ისევ გააჟღერებენ საპროტესტო აქციაზე.