ფონდის შექმნა ლიტვის თავმჯდომარეობის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია, რათა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა აღმოსავლელ პარტნიორებთან. მომავალში ფონდს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც შეუერთდებიან.
“ეს არის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი: პარტნიორები აძლიერებენ ევროკავშირს, და ევროკავშირი აძლიერებს პარტნიორებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც დღეს. ეს ლიტვის განუწყვეტელი და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შევთანხმდით, რომ საჭიროა შევინარჩუნოთ ახლო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, რაც დადასტურდა შეხვედრის დასკვნის პროექტში. ვიმედოვნებ, რომ ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყურადღებას გაამახვილებენ პარტნიორობათა მნიშვნელობასა და ევროკავშირის, როგორც სამეზობლოში უსაფრთხოების მიმწოდებლის როლზე,“ _ განაცხადა ლიტვის მინისტრმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუოზას ოლეკასმა აღნიშნა, რომ იმ პრიორიტეტებმა, რომლებიც ლიტვას გააჩნია უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, სათანადო ასახვა ჰპოვა საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნების პროექტში. ამ დასკვნების საფუძველზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი წარადგენს წინადადებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილავენ.